
მინოქსიდილი – ანდროგენული ალოპეციის ერთადერთი ადგილობრივი სამკურნალო საშუალებაა , რომელსაც აქვს ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანხმობა .
ეს მედიკამენტი თავდაპირველად 1970-იან წლებში დაინერგა, როგორც მძიმე და არასტაბილური ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება .
შემდგომში ექიმებმა დააფიქსირეს თმის ზრდა და გენერალიზებული ჰიპერტრიქოზი ( ჭარბთმიანობა ) პაციენტებში, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მინოქსიდილის ფორმულის შემუშავება ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ (AGA).
მინოქსიდილის 2% ხსნარი პირველად გამოჩნდა 1986 წელს, რასაც მალევე მოჰყვა 5% ხსნარი – 1993 წელს. მედიკამენტი უკვე 30 წელზე მეტია გამოიყენება თმის ცვენის საწინააღდეგო და თმის ზრდის ხელშემწყობ და საშუალებად როგორც მამაკაცებში , ასევე ქალბატონებში .
მინოქსიდილის ხსნარი (MS) შეიცავს არააქტიურ ინგრედიენტებს, მათ შორის წყალს , ეთანოლსა და პროპილენგლიკოლს (PG), ეს საშუალებები ხელს უწყობს წამლის ეფექტურ მიწოდებას თმის ფოლიკულებში; თუმცა, ადგილობრივი გაღიზიანების ხშირმა შემთხვევებმა განაპირობა PG-გან თავისუფალი მინოქსიდილის ქაფის (MF) ფორმულირება.
მინოქსიდილის ხსნართან ( MS ) შედარებით, მინოქსიდილის ქაფი ( MF ) საშუალებას იძლევა , ნაკლები გაღიზიანებით შეაღწიოს სამიზნე ადგილამდე . შესაბამისად, აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 5% მინოქსიდილის ქაფი (MF) – ასევე დაამტკიცა AGA-ს სამკურნალო ადგილობრივ საშუალებად. მინოქსიდილის ქაფი მოსახერხებელია გამოსაყენებლადაც, რადგან ის უფრო სწრაფად შრება და ნაკლებად ვრცელდება პერიფერიულ კანზე , შესაბამისად ნაკლებად იწვევს ისეთ გვერდით ეფექტს , როგორიცაა არასასურველ ადგილებში ჭარბთმიანობა .
მინოქსიდილი არის ძლიერი არტერიული ვაზოდილატატორი ( აფართოებს სისხლძარღვებს ) , იგი ზრდის უჯრედული დნმ-ის სინთეზს და აძლიერებს უჯრედების პროლიფერაციას ( გამრავლებას ) . თმის განვითარების ციკლში მინოქსიდილი ამცირებს ტელოგენის ( მოსვენების ფაზა ) ხანგრძლივობას და აინიცირებს და ახანგრძლივებს თმის ზრდის ფაზას ე . წ . ანაგენს .
მინოქსიდილის დადებითი გავლენა თმის ზრდაზე ძირითადად განპირობებულია მისი მეტაბოლიტით, მინოქსიდილის სულფატით , და ფერმენტ სულფოტრანსფერაზათი, რომელიც მდებარეობს თმის ფოლიკულებში .
ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით, ადგილობრივი მინოქსიდილის დაახლოებით 1.4% შეიწოვება ნორმალური სკალპის მეშვეობით, ხოლო გაზრდილი აბსორბცია დაკავშირებულია პრეპარატის კონცენტრაციასთან, პრეპარატის გამოყენების სიხშირესთან და რქოვანა შრის ბარიერული ფუნქციის დაზიანებასთან. მინოქსიდილი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. სისტემურად აბსორბირებული პრეპარატი თირკმლების საშუალებით გამოიყოფა ;
მინოქსიდილი გამოიყენება ადგილობრივად , თავის კანზე , პრობლემურ უბნებზე თანაბარი გადანაწილებით . 1 მლ .( ან 6-7 შესხურება ) ან ქაფის შემთხვევაში ნახევარი თავსახური , 1- ჯერ ან ორჯერ დღეში ( მოხმარების წესს ინდივიდუალურ შემთხვევაში წყვეტს ექიმი დაავადების სიმძიმისა და სქესის გათვალისწინებით ) . ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მინოქსიდილის ხანგრძლივი გამოყენება , მინიმუმ 6 თვის განმავლობაში . ეფექტი დაახლოებით 3 თვიდანაა შესამჩნევი , ხოლო მკურნალობის შეწყვეტა იწვევს პროგრესირებად თმის ცვენას 10- 12 კვირის შემდეგ ;
დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა
დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია